ტრენინგი საოჯახო სამართალში
2016 წლის 9 და 10 სექტემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს ადვოკატებისთვის ჩაატარა ტრენინგი საოჯახო სამართალში, თემაზე „მშობლის უფლების შეზღუდვის და ჩამორთმევის დროს მხარეთა მტკიცების ტვირთი და სოციალური სამსახურის როლი აღნიშნულ დავაში“. ტრენინგს უძღვებოდა სიფა-ს ექსპერტი საოჯახო სამართალში, იურიდიული ფირმა „VBAT”-ის პარტნიორი, ბატონი დავით კიკალეიშვილი.
სიფა განაგრძობს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის სამოქალაქო სამართლის ტრენინგების ციკლს. ტრენინგების გეოგრაფიული დაფარვის არეალი მოიცავს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს და ჩატარდება მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში. ტრენინგების თემები შერჩეულ იქნა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად. კვლევისას ადვოკატების გამოკითხვამ აჩვენა, რომ იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები გაფართოებული მანდატის ფარგლებში პროფესიული ცოდნის ამაღლებას საჭიროებენ სამოქალაქო სამართლის შემდეგ დარგებში: საოჯახო სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, სამემკვიდრეო სამართალი, საგადასახადო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო წარმოება პირველ ინსტანციაში.
ტრენინგების ციკლი ტარდება გაეროს პროგრამის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.