სიფა იწყებს პრაქტიკულ სასწავლო კურსს სამშენებლო სამართალში

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია იწყებს სამშენებლო სამართლის ინტენსიურ, პრაქტიკულ, სასწავლო კურსს. 2020 წლის 10 დეკემბერს შედგა კურსის პირველი, საორიენტაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეები შეთანხმდნენ სასწავლო კურსის ტექნიკურ საკითხებზე და გაეცვნენ კურსის პროგრამას.

სასწავლო კურსის ფარგლებში მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დეტალურად გაეცნონ ქართულ სამშენებლო სამართალს, ნორმათა იმ სისტემას, რომელიც არეგულირებს სამშენებლო სამართლიდან გამომდინარე საკანონმდებლო და პრაქტიკულ ურთიერთობებს როგორც კერძო, ისე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, განხილული იქნება სამშენებლო სამართლის აქტუალური საკითხები, დაწყებული საქართველოს ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარებიდან და დასრულებული ექსპლუატაციაში მიღებული მრავალბინიანი სახლის ბინების რეალიზაციით.ა ასევე გაანალიზდება არაერთი პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილება.

კურსის განმავლობაში მონაწილეებს გადაეცემათ სამშენებლო-დეველოპერულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების ნიმუშები, რომლითაც იხელმძღვანელებენ მომსახურების გაწევისას.

სასწავლო კურსი განკუთვნილია სამშენებლო სამართლით დაინტერესებული პრაქტიკოსი იურისტებისათვის და მასში მონაწილეობას იღებს იურიდიული ფირმების და სამშენებლო კომპანიების 14 პრაქტიკოსი იურისტი.

სასწავლო კურსს უძღვებიან საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი იურიდიული ფირმა “GLCC”-ის დირექტორი – ალექსანდრე ქამუშაძე და ამავე ფირმის სასამართლო პრაქტიკის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ აბუთიძე.

კურსი მოიცავს 48 სამუშაო საათს. ნაკლების ნახვა